Accessibility links

logo-print logo-print

გვარამია: მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის [პროკურატურის] ნაწილი ვიყავი


თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 16 დეკემბერს გაგრძელდება.

როგორც ბრალდებულმა, ნიკა გვარამიამ წინასასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორები დაახასიათა.

„პროკურატურის მხრიდან ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია. ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი, რასაც ესენი დღეს აქ წარმოადგენენ. საქართველოს პროკურატურა არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსი“, - ამბობს ნიკა გვარამია. ის 2007-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს განიხილავდნენ. როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობები წარუდგინა.

როგორც პროკურორი ამბობს, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების, დაუშვებლად ცნობის შესახებ.

„ნებისმიერი იურისტისთვის კარგად ცნობილია, რომ მოსაზრება არ შეიძლება იყოს მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. ბუნებრივია, ის, როგორც მოსაზრება, შეიძლება დაერთოს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულების ძალა. ამასთან, როგორც მოწმე, არ უნდა შეიყვანონ დასაკითხ პირთა სიაში. ეს იურისტებისთვის არის ანა-ბანა და ძალიან გამიკვირდა, რომ მსგავსი დონის იურისტებმა ასეთი შეცდომა დაუშვეს და ამიტომ დავაყენეთ შუამდგომლობა“, - ამბობს პროკურორი.

რაც შეეხება დასაკითხ პირთა სიას, ბრალმდებელის თქმით, დაცვის მხარეს მასში შეყვანილი ჰყავს დაახლოებით 45 პირი, რომელთა გამოკითხვის ოქმები წარმოდგენილი არ აქვთ. ამიტომ პროკურორმა სიიდან მათი ამოღება მოითხოვა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები არიან „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ იმ დროს, როდესაც ნიკა გვარამია იყო გენერალური დირექტორი და ისინი ღირებულ ინფორმაციას ფლობენ. გარდა ამისა, გვარამიას ინტერესების დამცველის თქმით, გამოძიებამ არ გამოკითხა ის პირები, ვინც აუცილებლად უნდა გამოეკითხა. შესაბამისად, 13 დეკემბერის სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ დასაკითხ პირებს დაემატონ ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური, რომლებიც დაიკითხებიან არსებითი განხილვის დროს.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხს, საძაგლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურას აწუხებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული „სასამართლო მეგობრის მოსაზრება“.

„პროკურატურამ მოითხოვა მისი ამორიცხვა საქმის მასალებიდან. იმედოვნებდნენ, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში გაგზავნილი არ იყო, რაც მოგვიანებით გაიგეს“, - აღნიშნავს საძაგლიშვილი.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, ნიკა გვარამიამ მისი ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმო „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2-ის“ ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, სწორი იყო წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG