Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა ტრამპის იმპიჩმენტის ორივე ბრალდება


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პარასკევს დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ორივე ბრალდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებს მხარი დაუჭირეს დემოკრატებმა, წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ რესპუბლიკელები. ხმების თანაფარდობა იყო 23 17-ის წინააღმდეგ.

ვარაუდობდნენ, რომ კენჭისყრა ხუთშაბათსვე გაიმართებოდა, მაგრამ სხდომა გაჭიანურდა და პარასკევისთვის გადაიდო.

დაამტკიცეს იმპიჩმენტის ორი ბრალდება: ტრამპის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა იმპიჩმენტთან დაკავშირებულ გამოძიებაში.

უკვე მომავალ კვირაში მოსალოდნელია, რომ ეს ბრალდებები კენჭისყრაზე იქნება გატანილი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის წინაშე.

დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ მთელს წარმომადგენელთა პალატაშიც. როგორც ვარაუდობენ, ტრამპს იმპიჩმენტის განაჩენს გამოუტანენ. არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მხარს რომელიმე რესპუბლიკელი. ჯერჯერობით ყველა რესპუბლიკელი ტრამპის მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისინი ცდილობენ, რომ საბოლოო კენჭისყრის ვადა გადაიწიოს.

იმპიჩმენტის ბრალდებები მიმდინარე კვირაში ჩამოაყალიბა კონგრესმა. უფლებამოსილებების ბრალდება ემყარება იმას, რომ ზაფხულში ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. ამავე დროს, როგორც იტყობინებიან, ტრამპი და მისი ახლო წრე ცდილობდა დაერწმუნებინა უკრაინა, რომ გამოძიება დაეწყო ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეროლდ ნედლერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით ტრამპი „ასუსტებს მოკავშირეს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, როცა ამერიკის მტერს ებრძვის“. „და როცა პრეზიდენტი მოითხოვს, რომ უცხოეთის სახელმწიფომ გამოძიება ჩაატაროს მისი შიდაპოლიტიკური მეტოქის წინაღმდეგ, ის არჩევნების კორუმპირებას ეწევა“, დასძინა ნედლერმა.

მეორე ბრალდება დაკავშირებულია ტრამპის უარზე, კონგრესთან ითანამშრომლოს იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხების გამოძიებაში.

რესპუბლიკელები და თავად ტრამპი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. მათი თქმით, ტრამპის მოქმედების მიზანი იყო უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონგრესის ზედა პალატის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ სენატი იმპიჩმენტის საკითხს იანვარში განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG