Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა


„სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში, სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე გამოსვლის შესახებ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპონენტების მცდელობა, აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან გაურკვეველ ფორმებზე გადაიტანონ.

„ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილისმომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

12 დეკემბერს, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ერთობლივი გამოსვლა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა უკრაინულ ენაზე გახსნა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ორგანიზაციის სამუშაო ენაზე - რუსულზე გადავიდოდა. სხდომის შედეგებზე ოთხივე პრემიერ-მინისტრმა რუსულად ილაპარაკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG