Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ბრიტანელებს და ითანამშრომლებს ევროკავშირთან


დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა ხუთშაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. თემთა პალატაში 650 ადგილიდან 365 მოიპოვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ.

ეს საუკეთესო მაჩვენებელია პარტიის თანამედროვე ისტორიაში. ლეიბორისტებმა კი პირიქით - უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს. მათ მხოლოდ 203 ადგილი აქვთ. წარმატება მოიპოვა შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ, რომელმაც 48 მანდატი მიიღო. მან შოტლანდიაში საარჩევნო ოლქების უდიდეს ნაწილში გაიმარჯვა. ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 11 მანდატი მოიპოვა, უელსის პარტიამ - 4, მწვანებმა - 1. ჩრდილოეთ ირლანდიაში შედარებით წარმატებას მიაღწიეს ირლანდიასთან გაერთიანების მომხრეებმა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კონსერვატორებს ხმა მისცა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს - 32,2%-მა.
ბორის ჯონსონი შეინარჩუნებს პრემიერის პოსტს და ჩამოაყალიბებს ერთპარტიულ კაბინეტს, რომელსაც მან უწოდა „სახალხო საერთო-ნაციონალური მთავრობა“. ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე, თავისი რეზიდენციის წინ გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ კონსერვატორებმა იმ ოლქებშიც კი გაიმარჯვეს, სადაც 100 წლის განმავლობაში არ გაუმარჯვიათ, და ისინი მთელი ერის ინტერესებს წარმოადგენენ. მან დაადასტურა, რომ აპირებს, დიდი ბრიტანეთი იანვრის ბოლოსთვის გამოიყვანოს ევროპის კავშირიდან. ახალი პარლამენტი ახლა უპრობლემოდ გაუკეთებს რატიფიკაციას ბრექსიტის შესახებ ადრე მიღწეულ შეთანხმებას.

ამავე დროს ჯონსონმა შემრიგებლური სიტყვებით მიმართა იმათ, ვისაც მისთვის არ მიუცია ხმა - ბრექსიტის მოწინააღმდეგებს. მან თქვა, რომ ბრიტანეთი შეინარჩუნებს ევროკავშირთან მეგობრობას და მასთან ითანამშრომლებს კლიმატის ცვლილებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვაჭრობის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. პრემიერი გამოვიდა მოწოდებით, პაუზა გაკეთდეს პოლიტიკურ ბატალიებში და თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიმსახურა, რომ დაისვენოს და ბრექსიტზე დავის ნაცვლად საშინაო პრობლემებს მიხედოს.
ჯონსონისთვის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იქნება შოტლანდიის ეროვნული პარტიის მოწოდება, განმეორებითი რეფერენდუმი ჩატარდეს შოტლანდიაში. შოტლანდიელი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ არჩევნებში ძლიერი მანდატი მოიპოვეს ლონდონთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG