Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატის პანელი ამ კვირაში იმსჯელებს რუსეთის სანქციების კანონპროექტზე


აშშ-ის სენატის პანელი შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებს რუსეთისთვის დასაწესებელ მკაცრ სანქციებზე, მას შემდეგ, რაც ამ თვეში გამოტოვა კენჭისყრა ამ, კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტზე.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი იმსჯელებს „ამერიკის უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის“ აქტზე, რომელსაც რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა უწოდა „სანქციების კანონპროექტი ჯოჯოხეთიდან“, მასში 18 დეკემბრის სამუშაო შეხვედრაზე შეტანილი შესწორების ჩათვლით.

ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც შემოკლებით DASKA-ს უწოდებენ, ითვალისწინებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მისი ჩარევის გამო უცხოეთის დემოკრატიულ პროცესებში, ისევე, როგორც ზიანის მომტანი ნაბიჯებისთვის სირიაში და აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ. კანონპროექტის სამიზნეებია რუსეთის სუვერენული ვალი, ბანკები, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის მცდელობებს, „ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს სხვა ქვეყნებში“, რუსეთის თხევადი გაზის პროექტები სხვა სახელმწიფოებში, ქვეყნის კიბერსექტორი და ცალკეული პირები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გარემოცვიდან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიბერსივრცისა და ციფრული ეკონომიკის ოფისის დაარსებას სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს ოფისი „უხელმძღვანელებს დიპლომატიურ ძალისხმევას საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების, ინტერნეტთან წვდომის, ინტერნეტის თავისუფლების, ციფრული ეკონომიკის, კიბერდანაშაულის, კიბერსაფრთხეების შეკავებისა და მათზე პასუხის“ მიმართულებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG