პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია 15 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარეს.
"მივიღე სმს, ვესაუბრე გამომძიებელს, დამიბარეს დაკითხვაზე, საქმეზე, რომელზეც, თუ არ ვცდები, 2014 წლიდან არ დავუკითხივართ" - უთხრა ბოკერიამ ინტერნეტგამოცემა "ტაბულას".
ბოკერიას განმარტებით, საქმე ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიებას იმ პერიოდში, როცა ამ უწყების მდივანი ის იყო.
"ჩემი უფლებაა, რომ მაგისტრი მოსამართლის მიერ ვიყო დაკითხული, ამიტომ ვაპირებ, რომ ამ უფლებით ვისარგებლო, ბევრად უფრო გამჭვირვალე რომ იყოს ეს ყველაფერი" - ამბობს ბოკერია.
უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სტატუსით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.
"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.