გერმანიაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა დეფიციტი უნდა შეავსოს კვალიფიციური კადრების იმიგრაციის კანონმა, რომელიც 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველე“ -ს ინფორმაციით, 16 დეკემბერს, კანცლერ ანგელა მერკელის და ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენელთა შეხვედრაზე შეთანხმდა კვალიფიციური უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა გამარტივებულად დასაქმების გეგმა.
გეგმის თანახმად, გერმანიის მთავრობა ხელს შეუწყობს სამუშაო ვიზის მიღების გამარტივებას. გამარტივდება სხვა ქვეყანაში მიღებული პროფესიული, ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარებაც. თავის მხრივ, დამსაქმებელი ახალ თანამშრომლებს უნდა დაეხმაროს გერმანული ენის შესწავლაში, საცხოვრებლის მოძიებასა და ადაპტაციაში.
გერმანიაში პროფესიონალების დეფიციტი აქვთ ისეთ პროფესიებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ექთანი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.
„დოიჩე ველე“-ს ცნობითვე, კანცლერ მერკელის და ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენელთა შეხვედრაზე არ თქმულა, რამდენი ადამიანის დასაქმებაა საჭირო დეფიციტის შესავსებად, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ასობით ათასზე.
უახლოეს ხანში დაიწყება საპილოტე პროექტები კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ვიეტნამიდან. იგეგმება სპეციალისტების მოზიდვა მექსიკიდან, ფილიპინებიდან და სხვა ქვეყნებიდან.