Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერთა აქციას ორი დღის შემდეგ უპასუხა


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 15 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეებმა ოძისიდან ოკუპირებული რეგიონისკენ გაუშვეს თეთრ საჰაერო ბურთებზე გამობმული თეთრი ხალათი
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 15 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეებმა ოძისიდან ოკუპირებული რეგიონისკენ გაუშვეს თეთრ საჰაერო ბურთებზე გამობმული თეთრი ხალათი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ „სახელმწიფო საზღვრის განადგურებისკენ მიმართულ“ მოთხოვნებში დაადანაშაულა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეები.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დღეს, 17 დეკემბერს გამოეხმაურა ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან 15 დეკემბერს გამართულ სოლიდარობის აქციას: „საქართველოს მოქალაქეებმა, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების და მოძრაობების მომხრეებმა გამართეს აქცია სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ვ. გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. მომიტინგეები მოითხოვდნენ არა მხოლოდ დაპატიმრებულის გათავისუფლებას, არამედ აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის, როგორც დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი საფუძვლის განადგურებისკენ მიმართულ მოთხოვნებს“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, „თბილისის რეჟიმის დესტრუქციული პოზიცია, რომლითაც იგნორირებულია კრიზისული სიტუაციების მოგვარების დიპლომატიური ფორმები და მეთოდები, წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის და შეუძლია უახლოეს ხანში გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაციის პროვოცირება და შექმნას წინაპირობა არაპროგნიზირებადი შედეგის მომტანი ინციდენტებისთვის“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს, ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სხდომა 20 დეკემბერსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG