Accessibility links

logo-print logo-print

EMC: ლუკა სირაძის საქმე სისტემური ძალადობის შედეგია


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) 15 წლის ლუკა სირაძის საქმეს სისტემური ძალადობის შედეგად აფასებს: „რომელიც ერთის მხრივ პოლიციის სისტემაში თვითნებურ და არაადამიანურ პრაქტიკებს ავლენს და მეორეს მხრივ, სოციალური მომსახურების სისტემების გაუმართაობას და ჩავარდნას აჩვენებს“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ საქმეზე სახელმწიფომ უზრუნველყოს ეფექტიანი, დროული და გამჭვირვალე გამოძიება და დამნაშვეების დასჯა: „ამასთან, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაიაზროს დანაშაულთან ბრძოლის პროცესში სოციალური მიდგომების და ადამიანზე ორიენტირებული სტრატეგიების მნიშვნელობა და სოციალური მომსახურების სფეროში გაატაროს ადეკვატური რეფორმები.
გაბატონებულ ხედვაში სახელმწიფო მხოლოდ დამსჯელ მექანიზმად განიხილება, რომელიც კანონდარღვევის კონკრეტულ შედეგებს აღკვეთს. ის ვერ ხედავს იმ სტრუქტურულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზებს, რომელიც დანაშაულებს განაპირობებს და არც მათი ტრანსფორმაციის მიდგომა აქვს. ამგვარი მიდგომა ჩანასახშივე ანტისოციალური, არაჰუმანური და უსამართლოა და ყოველ ჯერზე ქმნის მსხვერპლებს“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG