Accessibility links

site logo site logo

სახელმწიფო ინსპექტორი: გამომძიებლის დაკავება მოზარდის გარდაცვალების შემდეგ არ გადაწყვეტილა


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავება მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა.

„მარიანა ჩოლოიანი ამ დღეს განყოფილებაში არ მოგვიყვანია [მას შემდეგ], რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ თქმა იმისა, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ამას მე ვერ დავეთანხმები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება. თოლორაიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირის დაკავების საფუძველი ჰქონდათ: „დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. დაკავებისას გამომძიებელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG