Accessibility links

logo-print logo-print

თელავში 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტეს


„სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტებმა თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს შენობის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან საყოველთაო პროტესტს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და აპროტესტებენ გამოძიების პროცესში პოლიციელთა შესაძლო ძალადობას.

„პოლიციურ რეჟიმს ემსხვერპლა კიდევ ერთი მოზარდის სიცოცხლე. 15 წლის ლუკაზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სისტემა კლავს! ნუ მივცემთ ამ სისტემას საშუალებას, იყოს ტოტალიტარული“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა თელავში.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე. 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 დეკემბერს რუსთავის პოლიციის სამმართველოსთან დაგეგმილია შეკრება, რათა წინ აღუდგნენ „უსამართლო, პოლიციურ, ძალადობრივ რეჟიმს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG