Accessibility links

logo-print logo-print

პოლიციის გამომძიებელი ლუკა სირაძეზე ზეწოლას უარყოფს


დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების მიცემის იძულება, მოზარდზე ზემოქმედებას უარყოფს.

„ჩოლოიანის განმარტებით, რაიმე სახის კანონდარღვევა, იძულება, მუქარა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა არასრულწლოვანზე, მისი მხრიდან არ განხორციელებულა და იგივე ქმედება არ განხორციელებულა არც ერთი პოლიციელის მიერ, ვინც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში“, - უთხრა პირველ არხს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ.

ადვოკატის თქმით, პოლიციის განყოფილება აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რომელთა ჩანაწერები ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს მიერ: „და პასუხიც ნათელია, რომ პოლიციელს არ დაურღვევია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი ძირითადი მოთხოვნა და რაიმე სახის იძულებას და მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. დაკავებისას გამომძიებელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG