Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტყეში ვიბოდიალე, მავთულხლართებში გავიჭედე“ - კუხიანიძე ამბობს, რომ ცხინვალში წასვლა სურდა


თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც 18 დეკემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს, საოკუპაციო ხაზთან მივიდა. როგორც კუხიანიძე ამბობს, მას ცხინვალში გადასვლა სურდა, თუმცა ვერ მოახერხა.

„გუშინ ვცადე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე, რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა“, - თქვა ერეკლე კუხიანიძემ.

როგორც საკრებულოს წევრი ამბობს, მისი წასვლის მიზანი მათი კანონების შეურაცხყოფა არ ყოფილა.

„ჩვენთვის ეს არის საქართველოს ტერიტორია. მათთვის არის სხვა ტერიტორია. მე მტერსაც კი პატივს ვცემ“, - აღნიშნა კუხიანიძემ.

მან დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს რუსულ ენაზე მიმართა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

„ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…“, - დაწერა მან ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

XS
SM
MD
LG