Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლებში უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას განათლების სამინისტრო ერთ კვირაში წარადგენს


მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თანახმად, სამინისტროში დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნული ღონისძიებები, სამინისტროს ხელშეწყობით, დაინერგოს ასევე კერძო სკოლებშიც.

საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარი მინისტრმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლაში“, მე-100 და 169-ე სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით დაწყებულია პრევენციის კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა და ერთი კვირის ვადაში წარდგენილი იქნება პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG