Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" ოპოზიციას, პროპორციით 100/50-ზე, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს პროპორციული წილის გაზრდის საშუალებით შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ინიციატივა გულისხმობს, პროპორციული წილი სისტემაში 2/3-მდე გაიზარდოს:

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მმართველ გუნდში მიღწეული კონსენსუსი ითვალისწინებს ცვლილების არა ერთჯერადად 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დაწესებას.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა კომპრომისული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და შეთავაზება შეძლო. იგი მიმართავს ოპოზიციას, ჩაერთონ საკითხის განხილვაში და დასრულდეს ვნებათაღელვა საარჩევნო სისტემის საკითხზე:

„სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც და რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ 1 წლის წინ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ დასრულდა მე-4 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მოლაპარაკებებისა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარეობს. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი წარადგინა.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG