Accessibility links

გიგა ბოკერია: "ქართული ოცნების" საარჩევნო ინიციატივა არანაირი რეალური ნაბიჯი არ არის


გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე წარდგენილი ინიციატივა სერიოზულ განხილვასაც კი არ ექვემდებარება, რადგან იგი თამაშის წესებს ვერ ცვლის. „პროპორციულობაა აქ საკვანძო საკითხი“, - შენიშნავს გიგა ბოკერია, რომლის თანახმადაც პროტესტი გრძელდება:

„ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არ არის. მათ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი და უკან უნდა წაიღონ შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს. ეს ეგ ნაბიჯი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის შეთავაზება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მძიმე მდგომარეობაშია და გაურკვეველ მანევრებს აკეთებს.

სასტუმრო „შერატონში“ 20 დეკემბერს გაიმართა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი წარადგინა.

მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს. „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, პროპორციული წილი სისტემაში 2/3-მდე გაიზარდოს:

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მმართველ გუნდში მიღწეული კონსენსუსი ითვალისწინებს ცვლილების არა ერთჯერადად, 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დაწესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG