Accessibility links

logo-print logo-print

ექიმი: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ღამის განმავლობაში არ გაუარესებულა


ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მორიგე ექიმმა ნინო ბურდულმა განუცხადა ჟურნალისტებს, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ღამის განმავლობაში არ გაუარესებულა. ექიმის განმარტებით, იგი ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო:

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა და დინამიკაში გამოჩნდება, ჩარევის მოცულობა შეიცვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით.

დინამიკაში არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე“, - განაცხადა ნინო ბურდულმა. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიასთვის მორიგი ქირურგიული ოპერაციის გაკეთება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია.

გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდიას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს ოფიციალურად ბრალს დღეს, 21 დეკემბერს წაუყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG