Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბენიძე: ფეისბუკი გარკვეული დროის მერე კვლავ გააუქმებს ცრუ გვერდებს


მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე

საქართველოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თანახმად, „ფეისბუკის“ მიერ თითქმის სრულადაა გაუქმებული ISFED-ის ანგარიშებში შესული და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ცრუ მედიაგვერდები და ცრუ მხარდაჭერის გვერდები. მისივე თქმით, ასევე გაუქმებულია მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ათეული გვერდი.

„ფეისბუკი“ აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით“, - წერს მიხეილ ბენიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

მიხეილ ბენიძე ISFED-ის კიდევ ერთ წევრთან, ნინო რიჟამაძესთან ერთად, გუშინ, 20 დეკემბერს ესაუბრა „ფეისბუკის“ წარმომადგენლებს მათ მიერ გაუქმებული გვერდებისა და პროფილების შესახებ. როგორც მიხეილ ბენიძე წერს, ეს საუბარი „ფეისბუკის“ ინიციატივით გაიმართა:

„ფეისბუქის" წარმომადგენლების თქმით, დღეს წაშლილი გვერდები ავლენდა კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან“, - წერს მიხეილ ბენიძე. იგი იმედოვნებს, რომ „ფეისბუკის“ აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება 2020 წლის არჩევნების საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღება და დაცვა მავნე ზეგავლენისაგან:

„კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო“, - წერს მიხეილ ბენიძე.

„ფეისბუკმა“ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს (ასევე აშშ-ისა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.

განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რიცხვი გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

"ფეისბუკის" განცხადებით, იმ გვერდების რეკლამირებაში, რომლებიც სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურ პოსტებს ავრცელებდნენ, 316 000 დოლარი დაიხარჯა. ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ ეს არის უკანონო კონტრიბუცია საარჩევნო კამპანიისთვის, რითიც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG