Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი არ იზიარებს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის პათოსს


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იზიარებს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის პათოსს და ამბობს, რომ შეუძლებელია საქართველო კურსის ცვლასა და რუსეთისაკენ მიმართულების აღებაში დაადანაშაულო. მისი თქმით, საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს, რაც ფაქტებითაა გამყარებული.

“საქართველოს შეაქვს წვლილი ავღანეთში ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწრაფი რეაგირების მისიაში. ჩვენ 32 თანამემამულე დავკარგეთ ამ მისიაში.ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, თითოეული ამ ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის არის უძვირფასესი. ეს არის ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, რასაც ერთად ებრძვის მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები , ევროპა და ამერიკა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაავლეთ თვალი, როგორი კონკრეტული შედეგები გვაქვს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ახალ სამწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი რამდენიმე კვირის წინ. ეს არის საქართველოს კურსის ცვლა რუსეთისკენ?“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. იგი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კონსტიტუციაში, ასევე პარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოს მთავრობის დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ასოცირების შეთანხმება გვაქვს, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, ეს არის ქვეყნის კურსის ცვლა? თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, განხორციელების კუთხით,მედიის თავისუფლების კუთხით, რეიტინგებში, ბიზნესის კეთების კუთხით,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას ზრდის.სადაც არის ამერიკის,ევროპის ინტერესები,სადაც არის ბრიტანული და ამერიკული კომპანიების ინტერესები. ეს ყველაფერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონში საქართველოს ფუნქციის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„გასულ თვეში ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლის გასაპროტესტებლად“, - ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო სტატიაში - „საქართველო ზღვარზე“, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონსერვატიულ გამოცემაში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ ასეთი უკუსვლის პრევენციას ყოველთვის ვერ ახერხებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე უბიძგოს თბილისს დემოკრატიისკენ“, - წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG