Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავოშოღლუ და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, 23 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მიესალმება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

გახარიამ და ჩავუშოღლუმ ისაუბრეს ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობასა და სამხრეთის გაზის დერეფანზე, რომლის ნაწილის - ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) - ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

გიორგი გახარიამ თურქეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მევლუთ ჩავუშოღლუ თბილისში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8, სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

ყველა ახალი ამბავი

"პატრიოტთა ალიანსი": NDI-ისა და IRI-ის უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა

"პატრიოტთა ალიანსის" აქცია აშშ-ის საელჩოსთან

NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ მოწოდებებით „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან. პარტია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს სრულ უნდობლობას უცხადებს, სამართალდამცველებს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს და საქართველოში მათი საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს.

„არა NDI-ს, არა IRI-ს, არა ტყუილს, არა ლორა თორნტონებს, კრამერებს, ბრაიზებს, რომლებსაც საქართველო მათი კოლონია ჰგონიათ... ხმამაღლა ვამბობთ დღეს ამერიკის საელჩოს წინ - ამ ორგანიზაციებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა. წავიდნენ და დატოვონ საქართველო“, - განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, NDI და IRI კვლევის შედეგებს აყალბებენ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაღალი რეიტინგები თავს მოახვიონ საზოგადოებას.

„ჩვენ მივმართავთ ამერიკის ხელისუფლებას და იმიტომ მოვედით ამერიკის საელჩოსთან, რომ გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი - დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა... ლორა თორნტონზე, პირდაპირ ვამბობ, საქმე უნდა აღიძრას“, - განაცხადა ინაშვილმა.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 4% უჭერს მხარს. კვლევის შედეგებს სწრაფად გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, ხოლო მათ - უმცირებს.

NDI-სა და IRI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნებაც“. ამ ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„კიდევ მაქვს, გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით - დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ... თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო, ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ - სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - აცხადებდა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეებად მოიხსენია ის ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ისა და IRI-ის ​კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ.

ერაყში შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის

ერაყის პოლიციამ ნამდვილი ტყვიები ისროლა ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად ბაღდადსა და სამხრეთ ერაყში, რასაც მოჰყვა შეტაკებები დემონსტრანტებთან, - იუწყებიან თვითმხილველები და საპოლიციო წყაროები.

26 იანვარს სულ მცირე 17 დემონსტრანტი დაიჭრა ბაღდადში, როცა უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს და შეეცადნენ დემონსტრანტების განდევნას ხალანის და უათბას მოედნებიდან, პროტესტის ეპიცენტრის, ტაჰრირის მოედანთან ახლოს.

დემონსტრანტები პოლიციას ძირითადად ქვებს ესროდნენ, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილიც ისროლეს.

შეტაკებები მოხდა ქალაქ ნასირიაშიც, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.

სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ერაყში ოქტომბერში ახალგაზრდების ხელმძღვანელობით დაიწყო ქუჩის დემონსტრაციები, სამუშაო ადგილების ნაკლებობის, უხეირო სერვისებისა და ფართოდ გავრცელებული კორუფციის გამო.

სუს-ში კატეგორიულად უარყოფენ თვალთვალს მაიორ დვალიშვილის ოჯახზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყება უთვალთვალებს პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის ოჯახსა და მის მცირეწლოვან შვილებს.

უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს".

"აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პოლიციის მაიორმა, გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების გამო.

დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს - შეწყდეს უკანონო თვალთვალი - „მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია“.

26 იანვარს, დვალიშვილთან ერთად, განცხადება გააკეთა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც ხელისუფლებას ასევე მოუწოდებდა უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ.

„მთავარი არხის“ მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ. გიორგი დვალიშვილის თქმით, გათავისუფლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

დვალიშვილს ეჭვი აქვს, რომ 2019 წელს ის საპოლიციო სისტემიდან სწორედ ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული ამბის გამო გაათავისუფლეს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.

თურქეთში გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლი, ერდოანი უარყოფით "პროპაგანდაზე" საუბრობს

თურქეთის მთავრობის ცნობით, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 24 იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი და ის 31 ადამიანს უტოლდება. პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ეუბნება, ყურადღება არ მიაქციონ "პროპაგანდას", რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა მზად არ იყო ამგვარი მოვლენისთვის.

მაშველები 26 იანვარსაც განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. ელაზიგის პროვინციის ქალაქ სივრიცესთან მომხდარი 6,5 - 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავდა 1,243 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 34 დაშავებული საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებშია მოთავსებული, თუმცა მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 25 იანვარს დაესწრო მიწისძვრის შედეგად დაღუპული დედა-შვილის დასაფლავებას და ხალხს უთხრა, ყურადღება არ მიაქციონ "უარყოფით" განცხადებებს, რომ ქვეყანა მზად არ იყო მიწისძვრებისთვის. ერდოანის ამ სიტყვებს წინ უსწრებდა ანკარაში ერთ-ერთი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება "პროვოკაციულ" პოსტებზე სოციალურ მედიაში. საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ წერს, რომ თურქეთის სამაუწყებლო უწყება შეისწავლის, როგორ გაშუქდა მიწისძვრა მედიაში.

ჩინეთის პრეზიდენტი: ვირუსთან დაკავშირებული ვითარება მძიმეა, მაგრამ გამკლავება შესაძლებელია

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება "მძიმეა" - იმ ფონზე, როცა ვირუსმა კიდევ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და დააავადა, მსოფლიოს გარშემო ქვეყნებში კი ამ დაავადების ახალი შემთხვევები ფიქსირდება.

სი ძინპინმა 25 იანვარს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთა შეხვედრაზე განაცხადა, ჩინეთი დგას "ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებით შექმნილი მძიმე ვითარების წინაშეო". ვირუსმა ჩინეთში სულ მცირე 56 ადამიანი იმსხვერპლა და 1,975-მდე ადამიანი დააავადა. თუმცა, პრეზიდენტი მოქალაქეების დამშვიდებას შეეცადა და დასძინა, რომ ქვეყანა "აუცილებლად შეძლებს ამ ბრძოლის მოგებას".

ვრცელდება ცნობები, რომ ჩინეთში სულ უფრო მეტი ქალაქი იკეტება, იქ ვერ შედის და ვერ გამოდის ტრანსპორტი. კრიზისის გამო სათანადოდ ვერ აღინიშნა ჩინეთის უდიდესი დღესასწაული, ახალი წლის დადგომა.

ჩინეთის სამგზავრო სერვისების ასოციაციამ ტურისტულ სააგენტოებს უთხრა, შეაჩეროს ყველა ჯგუფური ტური, რადგან საახალწლო დღეებში მილიონობით ადამიანის მოგზაურობამ ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

მთავრობის ადმინისტრაცია დუმს სენატორის წერილთან დაკავშირებით

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება აშშ-ის სენატორ როჯერ ვიკერის იმ წერილთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც 25 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა.

რადიო თავისუფლებას არც ის დაუკონკრეტეს, ადასტურებს თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დეკემბერში მართლაც მიიღო წერილი აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარისგან, როჯერ ვიკერისგან.

2019 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული წერილის შინაარსი 25 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათს სამადაშვილმა წერილის გამოსაქვეყნებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე მისცა და წინასწარ გააფრთხილა, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ტექსტის შინაარსს თავად გამოაქვეყნებდა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ქმნის და „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს სასამართლოში 14 ისეთი მოსამართლის დანიშვნაზე უვადოდ, რომელთა კვალიფიკაციაზეც სერიოზული კითხვები არსებობდა - რაც, ვიკერის შეფასებით, „კიდევ უფრო მეტად ამცირებს საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი“.

როჯერ ვიკერი საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაგზავნით ემუქრება, რაც, მისი თქმით, „აღრმავებს შეშფოთებას დროით მონაკვეთსა და გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სასამართლო საქმეებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურების, მაგალითად, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ“.

ვრცელდება ტრამპის ჩანაწერი: რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა "რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში"

ვრცელდება 2018 წლის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სადილზე შეკრებილ დონორებს, მათ შორის ლევ პარნასს ეკითხება, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

"რამდენ ხანს გაძლებენ რუსეთთან ომში?" - ისმის ტრამპის შეკითხვა ვიდეოჩანაწერის აუდიომონაკვეთში, რომელიც აშშ-ის მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ასოშიეტედ პრესმა და ABC News-მა, 24-25 იანვარს მოიპოვეს. ტრამპს ვიღაც პასუხობს: "უჩვენოდ დიდხანს არა". "უჩვენოდ", - იმეორებს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე სვამს შეკითხვას, თვლიდა თუ არა კიევი, რომ კარგად იქნებოდა რუსეთთან კონფლიქტში. "თვლიან, რომ კარგად იქნებიან, თუკი თქვენ მხარს დაუჭერთ", - პასუხობს ვიღაც. "ყოველთვის ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას", - ამბობს ტრამპი, რომელიც შემდეგ ჩივის, რომ ევროპის ქვეყნები საკმარისს არ აკეთებენ პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.

2014 წლის შემდეგ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აწარმოებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებაც მოახდინა, მის ამ ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში პრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობა ედება ბრალად.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი.

წინასასამართლო სხდომა 16 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის [გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრის] დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

ზაზა მურჯიკნელს ბრალად ედება დანაშაული სს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ"ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა). საუბარია ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებზე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ზაზა მურჯიკნელი 2020 წლის 24 იანვარს თბილისში დააკავეს.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს 24 იანვრის განცხადებაში.

მაიორი დვალიშვილი: ვეღარ ვიცავ მცირეწლოვან შვილებს, წნეხის ქვეშ არიან

მაიორი გიორგი დვალიშვილი აცხადებს, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების კვალდაკვალ. 26 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.

„მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს: დაანებეთ თავი თვალთვალს ჩემს ოჯახზე. თვალთვალი ჩემზე არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ, ახლაც შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს...

მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია... ვეღარ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. მივმართავ კიდევ ერთხელ, შეწყდეს ეს უკანონობა“, - განაცხადა მაიორმა დვალიშვილმა 26 იანვარს, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე. მასთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე.

„გუშინ შეშინებულმა მომწერა გიორგის მცირეწლოვანმა შვილმა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ის მიმართავს ხელისუფლებას, შეწყდეს უკანონო თვალთვალი და ზეწოლა მაიორ გიორგი დვალიშვილის ოჯახზე.

„თუ რაიმე აქვს სახელმწიფოს სათქმელი, მოვიდეს და აქ გვითხრას. მივმართავ ყველას და მივმართავ პირველ რიგში მართლმსაჯულების ძალიან მახინჯ სისტემას - დაანებეთ გიორგის და გიორგის ოჯახს თავი, დაანებეთ მის მცირეწლოვან შვილებს თავი, ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეთ იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე, უმძიმესი ფაზა ზუსტად თქვენი მახინჯი სისტემის მმართველობისა... ამ უსამართლობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში აუცილებლად მივაწვდით დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ელჩებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„მთავარი არხის“ მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ. გიორგი დვალიშვილის თქმით, გათავისუფლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

დვალიშვილს ეჭვი აქვს, რომ 2019 წელს ის საპოლიციო სისტემიდან სწორედ ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული ამბის გამო გაათავისუფლეს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა თითქმის 60-ს მიაღწია

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინფორმაციით, სასიკვდილო კორონავირუსის გავრცელების არეალი სწრაფად იზრდება. BBC-ის ცნობით, კომპარტიის პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ხოლო ვირუსის ზემოქმედებით პნევმონია განუვითარდა 1975 ადამიანს.

ამ მაჩვენებლების მიხედვით, ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 15-ით, ხოლო დაავადებულთა რიცხვი 688-ით არის გაზრდილი. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები ასევე რამდენიმე განკურნებული პაციენტის შესახებაც. მეცნიერები აქტიურად, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე.

ადგილობრივი ტელეარხები, ჩინეთის ხელმძღვანელ პირებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელისუფალთა რეკომენდაციის თანახმად, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან.

დაავადების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ჩინეთზე მოდის და ასევე, სიკვდილის ყველა შემთხვევა იქაა აღრიცხული. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირებულია ჰუბეის პროვინციასა და მის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჰანში, სადაც დაფიქსირდა პირველი შემთხვევა.

ვირუსი აღმოჩენილია, ასევე, ტაილანდში, სინგაპურში, ვიეტნამში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების შემოწმება გუშინ, 25 იანვარს დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს და მგზავრებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამოწმებენ.

უწყების ინფორმაციით, სახიფათო არ არის ჩინეთიდან ტრანსპორტირებული ტვირთი, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.

კორონავირუსი (2019 Novel Coronavirus (2019-nCoV)) ვირუსის ახალი ტიპია, რომელიც დღემდე ადამიანის ორგანიზმში არ იყო აღმოჩენილი.

მას ამსგავსებენ მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში ასეულობით ადამიანი შეიწირა ჩინეთსა და ჰონგ-კონგში.

იმპიჩმენტის პროცესი: ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატების ჯერია

25 იანვარს აშშ-ის სენატში დაიწყო დონალდ ტრამპის ადვოკატების გამოსვლის სამდღიანი რაუნდი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. მანამდე, სამი დღის განმავლობაში სიტყვით გამოდიოდნენ ბრალმდებლები დემოკრატიული პარტიიდან.

შაბათის სხდომაზე თეთრი სახლის იურისტმა, პეტ სიპოლონემ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს არ დასჭირდება სრული სამი დღე არგუმენტების წარმოსაჩენად და ასევე, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა პროცესის მონაწილეებისთვის გაზიარებაც არ ისურვეს დემოკრატებმა.

სიპოლონემ აღნიშნა, რომ ტრამპის ბრალმდებლებს საერთოდ არ უფიქრიათ, თუ რა მოელის შეერთებულ შტატებს მათი სურვილის დაკმაყოფილებისა და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში. მისი აზრით, ოპონენტების მიერ არჩეულ გზას შეუძლია გაანადგუროს ამერიკის ტრადიციული ფუნდამენტური ფასეულობები.

მსგავს მოსაზრებას, თავის მხრივ, გამოთქვამდნენ დემოკრატებიც. ისინი თავიანთ გამოსვლებში ამბობდნენ, რომ ამერიკის დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობებს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის დატოვება გამოიწვევს.

შეერთებული შტატების პრესაში გამოკვეთილი პროგნოზის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპს სენატში გაამართლებენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმათა მინიმუმ 2/3-ია საჭირო. არცერთი რესპუბლიკელი არ გამოსულა დემოკრატების ინიციატივის მხარდასაჭერად. რესპუბლიკურ პარტიას სენატში ხმათა უმრავლესობა აქვს (100-დან 53 ხმა).

შაბათის სხდომა 3 საათს გაგრძელდა. პროცესი ორშაბათს განახლდება.

დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

პომპეო ინტერვიუს შემდეგ NPR-ის ჟურნალისტს სიცრუეში სდებს ბრალს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს, NPR-ის ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ნაწყვეტები მათი საუბრიდან, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა.

NPR-ის ჟურნალისტმა, ლუიზ კელიმ, წამყვანმა გადაცემისა All Things Considered 24 იანვარს თქვა, პომპეო გაბრაზდა და ინტერვიუ შეწყვიტა, როცა დავუსვი კითხვა, რატომ არ დაიცვა აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იავონოვიჩი, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლაო.

კელის თანახმად, შემდეგ მას სთხოვეს მისულიყო პომპეოს კერძო ოთახში საუბრის გასაგრძელებლად, მაგრამ ხმის ჩამწერი აპარატურის გარეშე. კელი ამბობს, რომ პომპეო ყვიროდა, უცენზურო სიტყვების იყენებდა და თან ამბობდა, რომ ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის სად მდებარეობს უკრაინა.

კელი ყვება, რომ ამის შემდეგ პომპეომ ასისტენტებს სთხოვა მოეტანათ დაუნიშნავი მსოფლიო რუკა და კელის მოსთხოვა მასზე უკრაინა ეპოვა, რაც, კელის თქმით, მან სიზუსტით შეასრულა. კელის მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული ევროპის კვლევებში კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

კელის თქმით, მისთვის არავის უთქვამს, რომ ოთახში გამართული ეს საუბარი არ იყო განკუთვნილი გამოქვეყნებისთვის. მან 24 იანვარს ტვიტერით აღწერა პომპეოსთან ეს შეხვედრა და მისი ტექსტი ვირუსულად გავრცელდა, ერთი კვირითა ადრე პომპეოს პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე უკრაინაში.

მედია აქტიურად აშუქებს შეხვედრის შესახებ კელის მონაყოლს. ასეთ ფონზე, პომპეომ საპასუხო მწვავე განცხადება გაავრცელა შემდეგ დღეს:

"NPR-ის რეპორტიორმა, მარი ლუიზ კელიმ ორჯერ მომატყუა. პირველად გასულ თვეში, ჩვენი ინტერვიუს დაგეგმვისას და მეორედ გუშინ, როცა დათანხმდა, რომ ინტერვიუს შემდეგ გამართული ჩვენი საუბარი არ იქნებოდა განკუთვნილი გასაჯაროებისთვის" - წერს პომპეო 25 იანვრის განცხადებაში.

პომპეო ამბობს, ეს "კიდევ ერთი მაგალითია" იმისა, რომ მედიას სურს ტრამპს ზიანი მიაყენოსო.

პომპეოს განცხადება მთავრდება ფრაზით: "მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბანგლადეში არ არის უკრაინა", რაც, შესაძლოა, იყოს მინიშნება იმაზე, თითქოს დაუნიშნავ რუკაზე კელიმ უკრაინის ნაცვლად ბანგლადეშს დაადო ხელი.

ენმ-მა გაასაჯაროვა გახარიას მიერ აშშ-ის სენატიდან დეკემბერში მიღებული წერილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბრით არის დათარიღებული და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უგზავნის აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, როჯერ ვიკერი.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ქმნის და „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს სასამართლოში 14 ისეთი მოსამართლის დანიშვნაზე უვადოდ, რომელთა კვალიფიკაციაზეც სერიოზული კითხვები არსებობდა - რაც, ვიკერის შეფასებით, „კიდევ უფრო მეტად ამცირებს საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი“. როჯერ ვიკერი საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაგზავნით ემუქრება, რაც, მისი თქმით, „აღრმავებს შეშფოთებას დროით მონაკვეთზე და გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სასამართლო საქმეებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურების, მაგალითად გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ“.

„მაშინ, როცა არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას სწრაფად იმოქმედოს ისეთი საარჩევნო სისტემის მისაღებად, რომელსაც ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და რომელიც ყველასათვის თანაბარ სათამაშო მოედანს შექმნის. თუ ამ საკითხებს ყურადღება არ მიექცევა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი მზარდმა უნდობლობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლო სისტემას, ფართო გაგებით“ - ვკითხულობთ წერილში.

პრესკონფერენციაზე, რომელზეც წერილის შინაარსი გასაჯაროვდა, სამადაშვილმა ამ წერილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ანუ იმ კომიტეტის, რომელმაც, მაგალითად, უნდა განსაზღვროს თავისუფალი ვაჭრობის ბედი საქართველოს და აშშ-ის შორის, მსგავს წერილს წერს, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - რომ დღეს, ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ქვეყანაში მათ შორის ამერიკული ინვესტიციები და უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ, მთავარ წინაღობად გვესახება სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და მათი მცდელობა, რომ დემოკრატიული მხარდაჭერის დაკარგვის მიუხედავად, შეინარჩუნონ ქვეყანაში ძალაუფლება ნებისმიერ ფასად“.

იუწყებიან, რომ აშშ-ის ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერი ახლა რუსეთში ცხოვრობს

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი კაცი, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-ში ძალადობრივი თავდასხმების გეგმების მქონე ნეონაცისტურ ჯგუფთან, ახლა რუსეთში ცხოვრობს.

გაზეთმა "გარდიანმა" და ბიბისიმ 24 იანვარს გაავრცელეს ცნობა, რომ ნეონაცისტურ ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს "ბაზას" უწოდებს, ხელმძღვანელობს კაცი ყალბი სახელებით ნორმან სპეარი და რომან ვულფი. ამ მედიასაშუალებების თანახმად, მამაკაცის ნამდვილი სახელია რინალდო ნაზარო და ის 2018 წელს გადავიდა საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში.

რუსეთის სოციალური მედია და სხვა ღია წყაროები მიუთითებენ კაცზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქ უცხოელებს ინგლისურ ენას ასწავლის. რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე სცადა დარეკვა ნომერზე, რომელიც მითითებულია ამ კაცის ინგლისურის გაკვეთილების სარეკლამო განცხადებაზე ინტერნეტში, თუმცა ზარებს არავინ უპასუხა.

საჯარო რეგისტრი და სხვა ღია წყაროები აჩვენებს მამაკაცს სახელად რინალდო ნაზარო, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს და 2012 წელს რუსეთის მოქალაქე ქალზე დაქორწინდა.

თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის ჯგუფი "ბაზა", რომლის წევრებსაც რადიკალური რასისტული შეხედულებები აქვთ და ანარქიის გამოწვევის მიზნით რასობრივი ომის მოწოდებებით გამოდიან, 2018 წლიდან გამოჩნდა აშშ-ის სასამართლოს ჩანაწერებში.

21-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი აღმოსავლეთ თურქეთში

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 21-მდე გაიზარდა აღმოსავლეთ თურქეთის პროვინცია ელაზიგში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა, პროვინციის დედაქალაქ სივრიცეში, რომელიც 750-მდე კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ანკარას. მთავარ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ბიძგი მოჰყვა. სივრიცეში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი - ახლოს მდებარე ქალაქ მალათიაში, იუწყება თურქეთის ხელისუფლება და დასძენს, რომ 920-მდე დაშავებული რეგიონის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაშველები ნანგრევების ქვეშ 30 ადამიანს ეძებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

შემოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურის მქონე მგზავრებს ექნებათ საშუალება, გაიარონ საწყისი, წინასწარი შეფასება ადგილზევე, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

თამარ გაბუნიას თქმით, საშიშროებას არ წარმოადგენს ჩინეთიდან ტრანსპორტირებული ტვირთები.

„კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ამ შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტი. იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამდენად, ჩვეულებრივ ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა. ამდენად, ამისი საშიშროება, რა თქმა უნდა, არ არის“, - აცხადებს თამარ გაბუნია, რომლის თქმითაც, აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულებზე. მაღალი რისკის ამ შემთხვევაში არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება.

„კარგი ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მიიღებენ ვაქცინას და გამოიყენებენ მას მაღალი რისკის მქონე რეგიონებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კრემლი უარყოფს სურკოვის გადადგომას

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ გადადგომას აპირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვეტერანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი.

სურკოვის გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა, სურკოვის მრჩეველმა და მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა. მან 25 იანვარს ტვიტერზე დაწერა, სურკოვი გადადგება "უკაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამოო.

მაგრამ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გადადგომის თაობაზე სურკოვის განცხადება არ არსებობს. პესკოვმა რუსეთის მედიას ასევე უთხრა, რომ უკრაინასთან მიმართებით კრემლის პოლიტიკა არ შეცვლილა.

"რაც ეხება თითქოს პოლიტიკის შეცვლას უკრაინაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით, ამას კავშირი არ აქვს რეალობასთან და მხოლოდ იმ პირის პირადი აზრია, რომელიც ამას ამბობს", - უთხრა პესკოვმა სააგენტო ტასს.

სურკოვს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ.

ჩინეთში იზრდება ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი, საფრანგეთსა და ავსტრალიაში შემთხვევები გამოვლინდა

გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ქალაქ უჰანში გაჩენილი კორონავირუსისგან. პარალელურად, პირველი შემთხვევების შესახებ იუწყებიან საფრანგეთიდან და ავსტრალიიდან. მსოფლიოს გარშემო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ პანდემიის თავიდან არიდების გზებზე.

ჩინეთმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 29 პროვინციაში ვირუსით დაიღუპა 41 ადამიანი და დაავადდა სულ მცირე 1287, მათგან 237-ის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთს გარეთ სიკვდილის შემთხვევები არ არის, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ სამი ადამიანი დაავადდა, რაც ამ ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა ევროპაში. საფრანგეთიდან იუწყებიან, რომ ორი პაციენტი პარიზშია ჰოსპიტალიზებული, კიდევ ერთი - სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ბორდოში.

აშშ-ში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სიეტლში და მეორე ჩიკაგოში. ორივე დაავადებული აშშ-ში ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან.

25 იანვარს ავსტრალიამაც გამოაცხადა, რომ გამოვლინდა ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. დაავადებული ჩინეთის მოქალაქეა, 50-დან 60 წლამდე მამაკაცი და ის ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. იუწყებიან, რომ პაციენტი იზოლირებულია და მკურნალობას გადის.

USAID საქართველოში იწყებს 7 მლნ დოლარის საგანმანათლებლო პროგრამას

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ამერკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მორიგ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

„USAID იწყებს ახალ, მასშტაბურ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

ლუკაშენკო მოსკოვს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იძულებაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.

24 იანვარს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქაღალდის ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი - რომელიც ბელარუსს იაფ ნავთობს და გაზს აწვდის - იმისთვის, რომ ის ნავთობზე მინსკის დამოკიდებულებას იყენებს ქვეყნის რუსეთის წიაღში "გაქრობის" მიზნით.

"ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, სუვერენულები და დამოუკიდებლები ვართ. ჩვენი გონებით და ხელებით რასაც ვახერხებთ, იმას გამოვიმუშავებთ, ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ. და არ შეგვიძლია რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა: "მე თქვენ ვერ გიღალატებთ და ბელარუსს ვერ გავაქრობ თუნდაც მოძმე რუსეთში. ... ამას რომც დავთანხმდე, ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს".

ლუკაშენკომ, რომელიც პრეზიდენტად ამ თანამდებობის შექმნიდანვე, ანუ 1994 წლიდანვე მუშაობს, ასევე თქვა, ბელარუსის პრეზიდენტობა "პატივია, მაგრამ ნამდვილად არ მსურს უკანასკნელი ვიყოო".

ბელარუსი ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე საწვავის და ფინანსების კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ადგილს რუსეთის ენერგიის გასატანად ევროპაში. გარკვეული პერიოდია ბელარუსს უთანხმოება აქვს რუსეთთან ნავთობის ტრანზიტის ფასებსა და ტარიფებზე, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ლუკაშენკოზე მზარდ ზეწოლას ახორციელებს საიმისოდ, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ინტეგრაცია. ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ნავთობის მიწოდების კონტრაქტზე 2020 წლისთვის, რის გამოც რუსეთმა მიწოდება შეუწყვიტა ბელარუსის გადამამუშავებელ საწარმოებს, თუმცა მიწოდება 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს სენატიდან მიღებული წერილი

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, მაშინ ამას თვითონ გააკეთებენ.

„რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან? ერთი, ის, რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს და ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში და მეორე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები და საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში და ისევე, როგორც ევროპაში, ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ყველა კომუნიკაციაში პირდაპირაა მითითება ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე - შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მისცეს ხალხს საშუალება, დემოკრატიული, პროპორციული არჩევნების გზით გაუკეთოს ფორმირება შემდეგ ხელისუფლებას. მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ ამბოხებულ დეპუტატს - არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ დღეს დგახართ, არის ნათელი, ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორს, იმიტომ, რომ წერილები თქვენ უკვე ბევრი მიიღეთ არცთუ ისე სასიხარულო. არჩევანი არის ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ არა როგორც უბრალოდ დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე, შეზუდვას თქვენი ოჯახის წევრების გადაადგილებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


ლევან ხაბეიშვილი: „იმედია, მე არ დამაბრალებენ, რომ მათ ვცემე“

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ამ ტურებს და სვავებს, რომლებიც მოპარვით გამისწორდნენ ფიზიკურად, მე ვცემე. გვაქვს ასეთი პრაქტიკაც ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებით“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკითხვაზე დაიბარეს.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, 24 იანვარს, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა თბილისის საკრებულოს წევრზე ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულს წევრს ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართება, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოსაძიებელი არც არაფერია. მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე. კადრებიდან ცალსახად ჩანს, რომ მოტივი პროვოცირებული იყო. აქ, მთავარია ერთი რამ - ვნახოთ, რამდენად ოპერატიულად იმოქმედებს საგამოძიებო სამსახური. დიდი იმედი გვაქვს, რომ პირიქით არ მოხდება, მაგალითად, როცა გიგი უგულავას პროვიცირება მოხდა მოჭიდავეების მიერ და უგულავას წაუყენეს ბრალი ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქამდე არ მივა, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს იქეთ არ დასდებენ ბრალს სხვა პირებზე ძალადობასა და პროვოცირებაში“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ისინი ყველა ინფორმაციას მიაწვდიან და ელოდებიან, რომ ჩატარდება ექსპერტიზა, ვინაიდან ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს არა მხოლოდ სახის, არამედ ტანის არეშიც და აღენიშნება გარკვეული ტკივილები.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე, როგორც იურისტს, რომ აქ ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ჯგუფური ძალადობის მუხლით. ასევე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა დადგეს, რამდენად აქვთ მორალური თუ სამართლებრივი უფლება ამ ადამიანებს დარჩნენ თბილისის საკრებულოში, ამაზეც ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ მიუსამძიმრა თურქ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.

25 იანვრის დილის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათიაში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში, ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს.

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

გიგა ბოკერია: „ჩვენი ამოცანა არაა, ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების, ბრაიან ბაბინისა და პიტ ოლსონის განცხადებას, რომ ხმას უერთებენ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „კრიტიკის უწყვეტ ტალღას“ უწოდებს.

„რომელ წერილში რა ტერმინები იქნება ნახმარი, ეს არ ცვლის ბევრს არაფერს. მთავარია, ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. თუ ივანიშვილი გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს, უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას და არ მისცემს ქართველ ხალხს იმას, რასაც დაჰპირდა გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, მაშინ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაღრმავდება. მე არ მიყვარს პროგნოზები და არ ვიცი როდის მიაღწევს ვითარება კრიტიკულ ზღვარს. ჩვენი ამოცანა არაა ის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, ნამდვილად ასე მოხდება: საქართველოში დაკარგავს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება, ხოლო შემდეგ უმძიმესი შეექმნება პრობლემები ყველგან თავისუფალ სამყაროში. მსგავსი მაგალითი ბევრია გარშემო“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ამერკელი კონგრესმენები შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება საქართველოში, "იმით თუ საით მიჰყავთ საქართველო ივანიშვილსა და მის გუნდს, რაც აზიანებს საქართველოსა და, მათი აზრით, ამერიკის ინტერესებსაც".

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა ტვიტერით გაავრცელა წერილი, რომელიც მან 23 იანვარს გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

კონგრესმენი წერილში აცხადებს, რომ თავის ხმას უერთებს საქართველოს გამო მზარდ შეშფოთებას, რომლის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაა. ბაბინი უერთდება კოლეგების, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის და დემოკრატი კონგრესმენის ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილში ხაზგასმულ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, არ განხორციელდეს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ასევე ცნობებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. კონგრესმენი ბაბინი, მისივე თქმით, ასევე უერთდება 13 იანვრის წერილს, რომელიც მისმა კოლეგამ, კონგრესმენმა, მარკუინ მალინმა მისწერა გახარიას.

საგარეო უწყებას თურქეთში მიწისძვრის გამო საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ცნობა არ მიუღია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების აღმოჩენის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ, - უთხრეს უწყებაში „პირველ არხს“.

თურქეთში ძმიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG