Accessibility links

logo-print logo-print

აშშ 2020 წლის აქტით საქართველოს 132 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.

კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას.

2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულია.

აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.

ნიშანდობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აქტი ძალაში შევიდა პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG