Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახი ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანის საკითხს განიხილავს


ანა ჯაბაური
ანა ჯაბაური

ოჯახს ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა არ გადაუწყვეტია, თუმცა საკითხს განიხილავს. როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განაცხადა მედიასთან, ეს ცნობილი 2-3 დღეში გახდება:

„არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებულები რაიმე შესაძლო გართულებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჩვენი სურვილი და გეგმა, რომელიც, ალბათ, უახლოეს ორ-სამ დღეში უკვე ცნობილი გახდება. ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ეს 2-3 დღე სჯობს, რომ არ მოხდეს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური დახმარება იქნება, - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ. მისი განმარტებით, პაციენტის ტრანსპორტირება პრობლემას არ წარმოადგენს:

„დღეს მსოფლიოში არ არსებობს პაციენტი, რომლის ტრანსპორტირებაც არ შეიძლება. უბრალოდ უნდა მოხდეს სათანადო აღჭურვილობით და წესების დაცვით“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. ექიმის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, მედიკამენტოზური მკურნალობა არ შეცვლილა, გამოკვლევები კი კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.

„გართულებების რისკი ისევე, როგორც სხვა პაციენტებს, ამ პაციენტსაც აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, გართულებებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს. ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG