Accessibility links

მამუკა ხაზარაძე: ველოდები, როდის დაიბარებენ გიორგი გახარიას


მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 დეკემბერს განახლდა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც ფულის გათეთრების ეპიზოდზე ბრალი წაყენებული აქვს ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია იკითხება.

„ბრალდების მხარე დაკითხავს თემატური რევიზიის აქტის ერთ-ერთ თანაავტორს, ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ისაუბრებს, რამდენად ჰქონდათ უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ბანკიდან სესხის აღებისა, ასევე, რამდენად სწორად მოხდა და კანონის დაცვით სესხის უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება და აღნიშნული ქმედების შედეგად, განიცადა თუ არა თიბისი ბანკმა ქონებრივი დანაკლისი“, - განმარტა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ელოდება როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას:

„მე ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა უკვე იმ მომენტიდან, როცა მან უკვე საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით, დაწერით გადმოგვცა წერილი მუქარის, რომელიც ერთი წელია არის ჰაერში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე მიყვანილი ვერცერთი მოწმე ვერ შეძლებს მათი ბრალეულობის დამტკიცებას.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG