Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტმა შესაძლოა უარი თქვას პუტინის მიწვევაზე


ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა შესაძლოა უარი თქვას მოსკოვში ვიზიტზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად. ზემანი გააღიზიანა რუსეთის საგარეო უწყების რეაქციამ იმის შესახებ, რომ ჩეხეთის ხელისუფლება 21 აგვისტოს საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღედ თვლის. 1968 წელს, სწორედ ამ დღეს, საბჭოთა არმიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა.

„ახლახან პრეზიდენტმა პუტინმა დამპატიჟა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად. მაგრამ ახლა მე უკვე ვფიქრობ: ღირს კი მოსკოვში ჩასვლა. ან - უნდა ჩავიდე და შევთავაზო მათ ისტორიის ამ გვერდის გადაფურცვლა“, - განაცხადა ზემანმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში.

ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა ზემანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 21 აგვისტო იმ მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა, რომლებიც 1968 წელს საბჭოთა არმიისა და მოკავშირეების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას შეეწირნენ. რუსეთის დიპლომატებმა კანონპროექტზე ხელმოწერას „დიდი იმედგაცრუება“ უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG