Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დოლიძის სარჩელი გვრიტიშვილის წინააღმდეგ


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი საბჭოს მოსამართლე წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ანა დოლიძემ სასამართლოში 2018 წელს იჩივლა, მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ანა დოლიძე მოსკოვში იმყოფებოდა და რუსული ორგანიზაციისთვის მუშაობდა. დოლიძემ გვრიტიშვილისგან მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ მიიჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება არ ადასტურებს განზრახ, არსებითად არასწორი ფაქტის გავრცელებას.

„მაკარიძემ მოძებნა გამოსავალი ვითარებიდან, რა თქმა უნდა, ვერ დაადასტურებდა, რომ დიმიტრი გვირიტიშვილმა - რომელიც მისი უფროსი იყო და დღესაც მისი უფროსია იუსტიციის საბჭოში - მოიტყუა, და გამოიყვანა ვითარებიდან და თქვა, რომ ეს ტყუილი არ იყო განზრახ და, რომ ამ ტყუილმა თურმე, მე, რომელსაც დამაბრალეს რუსეთის აგენტობა, ზიანი არ მომაყენა“, - უთხრა დღეს, 30 დეკემბერს ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი გენადი მაკარიძის უფროსი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ ის „ელვისებური სისწრაფით“ გადაიყვანეს ჯერ თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში და წინა კვირაში, იუსტიციის საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.

დოლიძის განცხადებით, მოსამართლე მაკარიძე ემორჩილება სასამართლოს მმართველ კლანს, რომლის შემადგენლობაში გვრიტიშვილიცაა.

ანა დოლიძის ინფორმაციით, მისი სარჩელი სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეს უნდა განეხილა, თუმცა, პროცესი გაჭიანურდა და საბოლოოდ საქმე მაკარიძის ხელში აღმოჩნდა: „ეს საქმე გაიწელა ერთ წელზე მეტი ხანი სწორედ იმიტომ, რომ კლანის ინტერესებში და დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერესებში იყო, რომ უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს უკვე დახვდეს კლანის მოსამართლეები, რომლებიც გააკონტროლებენ ყველა პალატას“.

დოლიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში კარგად უნდა აწონ-დაწონოს, სამართლიანობის მისაღწევად ღირს თუ არა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება, თუ პირდაპირ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG