Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი: 2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა. პრეზიდენტის მიმართვაში (იხ. მიმართვის სრული ტექსტი) წერია, რომ „2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნირგვლივ გაერთიანება“.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ „2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით!“

პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო გვჭირდება ყველას და სჭირდება თუნდაც მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი დასუსტებითა და გახლეჩით, ან - ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით მიზანს უფრო იოლად მიაღწევს.

პრეზიდენტი თავის საახალწლო მიმართვაში წერს: „ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა“.

პრეზიდენტი გამოყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სამშვიდობო კონტინგენტს ავღანეთში: „ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ!“

სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს ულოცავს ყველას: „ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოდან შორს საქართველოს სახელი გააქვთ“!

მიმართვის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით ულოცავს ახალ წელს „ვაჟა ექიმს, რომელიც თავის ოჯახს დაუბრუნდა" და გამოჯანმრთელებას უსურვებს "პატარა ანიტას და ცოტნე გამსახურდიას."

გისურვებთ, გვეცხოვროს გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში!“ - წაიკითხავთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიმართვაში.

XS
SM
MD
LG