Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა


მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მან შეიმუშავა შეწყალების ახალი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც 5 პირი შეიწყალა.

„შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე, შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, გამკაცრებულია კრიტერიუმები მძიმე დანაშაულების მიმართ.

„ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორებიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება - უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი, პირიქით, შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა“, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, შეწყალება ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი აქტი.

„შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით (მათ შორის, დაზარალებულების განწყობების), მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი. იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

XS
SM
MD
LG