Accessibility links

ეკატერინე გალდავა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გუდაურში სამუშაოებს ატარებს

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ხელმძღვანელი შეუცვალეს. კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ეკატერინე გალდავა და მის ნაცვლად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.

ეკონომისტი გრიგოლ მანდარია 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტს, ხოლო 2019 წელს დაინიშნა წყალმომარაგების საკითხებში რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩევლად.

„გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დირექტორის თანამდებობიდან ეკატერინე გალდავას გათავისუფლების მიზეზს არ ასახელებს. სავარაუდოა, რომ საკადრო გადაწყვეტილება გუდაურისა და ბაკურიანის წყლით მომარაგების სისტემაში ბოლო დღეებში შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG