Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა


ირანში ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა და კიევში ბრუნდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

კიევში დაბრუნებამდე ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სამძიმარს უცხადებს თვითმფრინავში მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა ოჯახებს.

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737“ დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში 167-დან 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ირანული მედია კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს. თვითმფრინავი თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG