Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე მეორე პირი დააკავეს


თბილისის პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვახტანგ ბურძენიძე“, - ვკითხულობთ თბილისის პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და ვ. ბ. როგორც პროკურატურა აცხადებს, ხსენებულ პირებს შორის შელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

„ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ. წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ. ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, თბილისში 2 იანვარს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე 6 იანვარს დააკავეს შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG