Accessibility links

logo-print logo-print

სოხუმში ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა


სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. იქ ამჟამად, მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები. აქციის მონაწილეები მომხრეებს მოუწოდებენ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას არაფერი დააზიანონ.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციაში არ იმყოფება. შენობის გარეთ ისმის შეძახილები - "ხაჯიმბა გადადექი!"

ამასობაში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ალხას კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე რომან კვარჩიას აცილებასთან დაკავშირებით.

ადვოკატს მიაჩნია, რომ მოსამართლე მათ სარჩელზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვინაიდან მისი მტკიცებით რომან კვარჩიას სამოსამართლო ვადა ეწურება და თანამდებობაზე ყოფნის ვადის გაგრძელება მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის წევრთა ნებაზეა დამოკიდებული.

კოლეგიის ერთ-ერთი წევრი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დმიტრი შამბაა, რომელიც მოცემულ სასამართლო პროცესზე ცენტრალური საარჩევნო კომიის ინტერესებს წარმოადგენს.

სოხუმში აქციას მართავენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები "ამცახარა" და "ერთიანი აფხაზეთი". ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ძალოვანი უწყებების მოქმედებებს.

სამი დღის წინ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხარეებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ.

აქციამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG