Accessibility links

logo-print logo-print

რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს. „მე ვრჩები ჩემს პოსტზე და ვასრულებ კონსტიტუციით მოცემულ მოვალეობებს“, - უთხრა ხაჯიმბამ სააგენტო „ინტერფაქს“-ს.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების "ამცახარა"-ს და "ერთიანი აფხაზეთის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად,

საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში ხაჯიმბას ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ „პარლამენტის მიერ მიღებულ მიმართვას, მიუხედავად მითითებული მიზნის - შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან აცილების - შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გართულება და ქვეყნისთვის შეუქცევადი შედეგები“.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგელებმა არაერთხელ თქვეს, რომ დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ სამართლებრივი გზით იმოქმედებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოსადმი მათ მოთხოვნას პერსპექტივა არ აქვს, რადიკალურ მეთოდებზე გადავიდნენ.

ამავე განცხადების თანახმად, რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ საერთო ეროვნული თანხმობის მისაღწევად და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ყველა საკითხის მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტიის „ამცახარა“-ს კანდიდატს ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ კვიცინიამ სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG