Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა და თვითაცილება გამოაცხადა


ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. მანამდე მოსამართლემ „მთავარი არხის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა.

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დღევანდელ პროცესზე ის განცხადებები შეახსენა, რის გამოც ის 3 იანვარს სხდომიდან გააძევა.

ნიკა გვარამიამ მოსამართლის მიმართ ნათქვამი ფრაზა, რომ ის არაადეკვატურია და შესაძლოა ფხიზელი არ არის, გამოხატვის თავისუფლებად და პირად მოსაზრებად შეაფასა.

„არაადაეკვატური კი არა, დამნაშავე სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს თვითაცილებაც ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს მოხდებოდა. ზუსტად ვიცი რომელ კაბინეტში, ვის მიერ დაიგეგმა და ისიც ვიცი, რატომ მიიღეს ჩემი უკან დაბრუნების გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, იმიტომ, რომ ყველაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ნიკა გვარამიამ.

მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიერ ნათქვამი შეფასებები სასამართლოსა და მისი შეურაცხოფაა, რის გამოც მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

„თქვენი საქციელი იმსახურებს იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა მე ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ“, - მიმართა მოსამართლემ გვარამიას.

ნიკა გვარამიას სიტყვებით კი, წარდგენილი მუხლებით მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რისიც არ ეშინია, „ასე რომ, დროებითი პატიმრობა, თუ მანდატურები დამაკავებენ, საერთოდ არ მაინტერესებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ თვითაცილების საკითხის დაყენებას, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლის აცილების შუამდგომლობას თავადაც აყენებდნენ. ამასთან, მისი სიტყვებით, შემთხვევითი არ არის, რომ მის და მამუკა ხაზარაძის საქმეებს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავს - ორივე სასამართლო პროცესი ფულის გათეთრების მუხლით მიმდინარეობს და ამგვარი საქმეების განმხილველი საქართველოში სულ რამდენიმე მოსამართლეა. თუმცა, მათი შერჩევა ელექტრონული წესით, თვალის ახვევის მიზნით ხდება და სინამდვილეში მოსამართლეებს შეგნებულად არჩევენ, თუმცა, ნიკა გვარამიას თქმით, ახლა არ აპირებს იმაზე საუბარს, თუ როგორც და რა ინტერესის განსახორციელებლად შეირჩა მოსამართლე გიორგი არველაძე მისი საქმის განმხილველად.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მის პრაქტიკაში არ ყოფილა, მოსამართლეს თვითაცილება მოეთხოვა. თუ ვინ იქნება საქმის მოსამართლე, პროკურორის სიტყვებით, ამას სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტს.

„მოსამართლემ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა ნიკა გვარამია, რის შემდგომაც მან განაცხადა თვითაცილება. ამის შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, რომელი მოსამართლე განიხილავს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს, დაგვიკავშირდებიან და ალბათ, გაიწელება ისევ გრაფიკი და გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, მართებულია თუ არა, ბრალდებულს მოსამართლე სასამართლოს მიღმა გაკეთებული განცხადების გამო სასამართლო პროცესზე სთხოვდეს პასუხს, პროკურორმა უპასუხა, რომ „მოსამართლის ქმედებასა და მის ნათქვამზე შეფასებას ვერ გააკეთებს“.

გენერალურმა პროკურატურამ, ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს ბრალი 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას, ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG