Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი

აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახალ სანქციებს უწესებს ირანის მაღალი რანგის რვა ოფიციალურ პირს და ასევე ამ ქვეყნის ფოლადის და ლითონის კომპანიებს. ამასთან ერთად, პრეზიდენტის განკარგულებით გადაიდგმება სხვა ნაბიჯები იმ მიზნით, რომ ირანის ხელმძღვანელობას შეეზღუდოს წვდომა საფინანსო წყაროებზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა გამოაცხადეს სანქციების შესახებ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა 10 იანვარს, რაც ირანის მიერ რაკეტების დაშენას მოჰყვა ერაყის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ჯარია განთავსებული.

ირანის ეს აქცია მოჰყვა აშშ-ის საჰაერო თავდასხმას ერაყის აეროპორტში, რის შედეგადაც მოკლეს ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

დღევანდელი სანქციები არის ნაწილი ჩვენი ვალდებულებისა, გავაჩეროთ ირანის რეჟიმის გლობალური ტერორისტული საქმიანობა. პრეზიდენტმა ცხადად თქვა, გავაგრძელებთ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მანამ, სანამ ირანი არ შეწყვეტს ტერორისტულ საქმიანობას და სამუდამოდ უარს არ იტყვის ბირთვულ იარაღზე, განაცხადა მნუჩინმა.

სხვათა შორის, სანქციები დაუწესეს ალი შამხანის, ირანის უზანაესი სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანს, მოჰამად რეზა აშტიანის, შეიარაღებული ძალების სამხედრო შტაბის მეთაურის მოადგილეს, ისლამური რევოლუციური გვარდიის გასამხედროებული გაერთიანება „ბასიჯის“ მეთაურს, ყოლამრეზა სოლეიმანის. მნუჩინის თქმით, ეს პირები რეჟიმის მადესტაბილიზებელ მოქმედებს უწყობდნენ ხელს და დაკავშირებული იყვნენ 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმაში.

სანქციები ეხება ასევე სამთამადნო და ლითონის მწარმოებელ 17 კომპანიას, ჩინეთში და სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმებს და ხომალდს, რომელიც ლითონის ვაჭრობაშია ჩართული.

მნუჩინმა დასძინა, რომ ამ სანქციების შედეგად ირანი დაკარგავს მილიარდობით დოლარს.
აშშ-მა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ასევე აღმასრულებლ განკარგულებას, რომელიც შეეხება ირანის შემოსავლის წყაროებს, რასაც რეჟიმი მოიხმარს თავისი ბირთვული პროგრამის, სარაკეტო სისტემების განვითარების, ტერორისტული ქსელების და რეგიონში გავლენის საშუალებების დასაფინანსებლად.

ახალი სანქციები მოჰყვა ერთ წელზე მეტი ხნის წინ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის, რის შემდეგაც მოკლეს „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ყასემ სოლეიმანი გეგმავდა დიდ თავდასხმებს აშშ-ის ინტერესებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG