აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხომალდი "აგრესიულად მიაუხლოვდა“ ამერიკულ გამანადგურებელს, რომელიც რუტინულ ოპერაციას ახორციელებდა არაბეთის ზღვის ჩრდილოეთში.
გამანადგურებელმა USS Farragut-მა ხუთი გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალით, რაც საერთაშორისო საზღვაო წესებით საფრთხეს და შეტაკებას მოასწავებს, რუსეთის ხომალდს მოსთხოვა შეეცვალა კურსი, რათა აეცილებინათ შესაძლო შეტაკება, განაცხადა ბაჰრეინში განთავსებულმა აშშ-ის მეხუთე ფლოტმა 10 იანვარს.
მომხდარის ამსახველი კადრები მეხუთე ფლოტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის ხომალდმა თავიდან უარი თქვა, მაგრამ შემდეგ იძულებული იყო კურსი შეეცვალა, წერია განცხადებაში.
ინციდენტი მოხდა 9 იანვარს.
რუსეთი აშშ-ის ინფორმაცია უარყოფს და აცხადებს, რომა აშშ-ის ხომალდმა რუსეთის გემს გზა გადაუჭრა და ამით, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, „არაპროფესიონალად იმოქმედა“, რაც ითვლება "ზღვაზე უსაფრთხოების ნორმების განზრახ დარღვევად“, იტყობინება რუსეთის სააგენტო.
გამანადგურებელი USS Farragut-ი ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის ჯგუფის ნაწილია, და მისი მთავარი დანიშნულებაა არ მიუშვას პოტენციური მტრების ხომალდები ავიამზიდთან. აშშმ სამხედრო ფლოტის ეს ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაძაბული ურთიერთობის გამო გადაისროლა.