Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხოტბა შეასხა „მამაც ირანელ ხალხს" და გააფრთხილა ირანის ხელისუფლება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუხატა ირანის საპროტესტო გამოსვლების „მამაც“ მონაწილეებს და მთავრობა გააფრთხილა, რომ „მსოფლიო თვალყურს ადევნებს“ მათ. შაბათს თეირანის ქუჩებში ხალხმა თავისი რისხვა გამოხატა მას მერე, რაც ირანმა აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო უკრაინის სამოქალაქო ავიალაინერი.

„ირანის მამაც ხალხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯება: მე თქვენს გვერდით ვდგავარ მას მერე, რაც პრეზიდენტი გავხდი. და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თქვენს საპროტესტო გამოსვლებს და შთაგონებული ვართ თქვენი სიმამაცით,“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში ინგლისურად და სპარსულად.

მან დასძინა, რომ თეირანმა „უფლებადამცველ ჯგუფებს ნება უნდა დართოს, თვალყური ადევნონ და უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან გაავრცელონ ინფორმაცია ირანელი ხალხის მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ.“

ტრამპის კომენტარები მოჰყვა თეირანში, უნივერსიტეტის წინ და ქალაქის სხვა ნაწილებში ასობით ადამიანის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას. დემონსტრანტები გამოვიდნენ სამართლის მოთხოვნით და მთავრობის ხელმძღვანელთა გადადგომის მოწოდებით. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ასევე ისპაჰანში, ჰამადანში, სარიში, რაშტსა და ბაბოლში.

„გადადგომა არ კმარა“, გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტის წინ. ისინი მოითხოვდნენ 8 იანვარს უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. სამი დღის შემდეგ ირანმა აღიარა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG