რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი, ანექსირებული ყირიმიდან არჩეული სენატორი სერგეი ცეკოვი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებში, რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ შენარჩუნდება.
„რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა“, - უთხრა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცეკოვმა. მისივე თქმით, კრიტიკა უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის საქმიანობასაც, რადგან შიდა პოლიტიკაში ისინი ერთნაირად მოქმედებენ. „კონფლიქტი აფხაზეთში - ეს არის პიროვნებებს და კლანებს შორის უთანხმოება“, - განაცხადა რუსმა სენატორმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ეს ნაბიჯი გადადგა „ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“.
ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.
ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.
ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.
დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.