Accessibility links

გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა


მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა, - განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ბრიფინგზე, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გია ვოლსკის სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილმა მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან ახლოს იყვნენ და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას.

„მან პრატიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური განვითარების თაობაზე, თუმცა მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი, უშუალო კავშირის შესახებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა.

გია ვოლკის ამ განცხადებას, მოგვიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააშვილმა „მთავარი არხის“ ეთერით უპასუხა. მისი სიტყვებით, სახელმწიფოებრიობას ანგრევს არა მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, არამედ ბიძინა ივანიშვილი.

„მგელი, მგელის ძახილი მათი არავის არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, ვინ არის ყველაზე დიდი მგელი. [ეს] არის ივანიშვილი და მისი პატარა გიენები, ტურები, რომლებიც მას აქეთ-იქით დასდევენ. ესენი ითვლიან თავისი პოლიტიკური არსებობის და ქართველი ხალხის ძარცვის ბოლო პერიოდს. არავითარი კავშირი ამას სამართალთან არ აქვს. საქართველოში დასტაბილიზაციას აწყობს უკიდურესი სიღატაკე, რომლამდეც მიიყვანა ივანიშვილმა ქართველი ხალხი, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში ქმნის კორუფცია, რომელმაც მოიცვა ცხოვრების ყველა სფერო... და მე მინდა ქართველი ხალხი გავამხნევო, დავაწყნარო, არსად არ წახვიდეთ ქვეყნიდან, არ დატოვოთ თქვენი ქვეყანა, ხალხო. სულ ცოტაც გაძელით და ამ უბედურებას ძალიან მალე მოვაშთობთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 13 იანვარს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადების შესწავლას.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ თქვა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.

შსს-ს თანახმად აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით იყო სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG