Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში "კალანდობა 2020-ის" დღესასწაულზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები:

"მე არაფერი არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს. აქ როგორც ხედავთ, არ არის მთელი მოსახლეობა მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე ამისი პროტესტი, პროტესტის პროტესტი არასოდეს არ მექნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დვაბზუში სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში, მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, დეპუტატებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაესწრო ღონისძიებას „კალანდა 2020“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის, შეხვდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და 14 იანვარს ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართავს სახელმწიფო დროშას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG