Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ თვალს ადევნებს ირანის რეჟიმის ნაბიჯებს დემონსტრანტთა მიმართ


აშშ ირანს აფრთხილებს, რომ მის ნაბიჯებს თვალს ადევნებს, მას შემდეგ, რაც თეირანმა უარყო ნამდვილი ტყვიების გამოყენება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეების მიმართ. დემონსტრანტების ბრაზი გამოწვეული იყო ოფიციალური რეაქციით გასულ კვირაში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.

აქციები მესამე დღეა იმართება თეირანში, უნივერსიტეტების შენობებთან. სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, დემონსტრანტები სკანდირებენ სასულიერო პირების საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

ხელისუფლება უარყოფს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, თუმცა მანამდე გამართული აქციების ამსახველ მასალებში ჩანდა, რომ პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ტყვიებს და ცრემლმდენ გაზს იყენებდნენ დემონსტრანტების დასაშლელად.

ირანის არმიამ აღიარა, რომ მისმა საჰაერო დაცვის ძალებმა 8 იანვარს უკრაინული ბოინგი ჩამოაგდეს, რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი შეეწირა, თუმცა ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა იყო. ტრაგედია მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანმა ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში ერაყში განთავსებულ, ამერიკელი სამხედროების მიერ გამოყენებულ სამხედრო ბაზაზე. თეირანი თავიდან უარყოფდა საკუთარ როლს თვითმფრინავის კატასტროფაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მორგან ორტაგუსმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი არ მოითმენს ძალადობას დემონსტრანტთა წინააღმდეგ. "გვსურს, რეჟიმმა იცოდეს, რომ აშშ მათ თვალს ადევნებს, მსოფლიო მათ თვალს ადევნებს და ჩვენ ძალიან ნათლად გამოვაჩენთ რეჟიმის მიერ მისი ხალხის ნებისმიერ შევიწროებას. არ მოვითმენთ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას. [აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ] ტრამპმა ეს ძალიან მკაფიოდ თქვა შაბათ-კვირას" - უთხრა ორტაგუსმა რადიო თავისუფლებას 13 იანვარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG