Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდაველი ოლიგარქი პლახოტნიუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში მოექცა მოლდაველი ოლიგარქი და ყოფილი თანამდებობის პირი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. ვაშინგტონში ბიზნესმენი "მნიშვნელოვან კორუფციასთან" კავშირის მქონედ მიიჩნიეს. პომპეოს თქმით, პლახოტნიუკის ნაბიჯები ძირს უთხრიდა წესრიგს და საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვის რესპუბლიკაში.

პლახოტნიუკის წინააღმდეგ შემოღებული ზომები ნიშნავს, რომ არც მას და არც მის ახლო ნათესავებს არ აქვთ უფლება მიიღონ აშშ-ის ვიზა.

ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ აშშ არ ურიგდება კორუფციას და მოლდაველ ხალხს მხარს უჭერს მასთან ბრძოლაში - პომპეოს ამ სიტყვებს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ვლადიმირ პლახოტნიუკი ერთ დროს მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას ედგა სათავეში. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. მას მიიჩნევენ მოლდოვაში უმდიდრეს ადამიანად და ყველაზე გავლენიან პირად 2010-იან წლებში. პლახოტნიუკის პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.

მოლდოვის მედია იუწყებოდა, რომ პლახოტნიუკს და ფილიპს შესაძლებელია კავშირი ჰქონოდათ ფულის ყველაზე მსხვილ გატაცებასთან მოლდოვის ისტორიაში - კერძოდ, თანხების გაქრობასთან ქვეყნის რამდენიმე ბანკიდან, საერთო ჯამში ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

მოლდოვაში პლახოტნიუკთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მსხვილ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რუსეთშიც, ნარკოტიკების ტრეფიკინგის და მკვლელობის მუხლებით.

პლახოტნიუკის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა მედიაში არის ცნობები, რომ ის, შესაძლოა, აშშ-ში იმყოფებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG