Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა გამორიცხავს „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების აღდგენას


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით.

„შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, - განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

განცხადების თანახმად, საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60-დღიან წინასაარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს დავის წამოწყებას:

„მხარეთა შორის 60-დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს.

9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მთავრობის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ვალდებულებების შეუსრულებლობა.

14 იანვარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და ამიტომ კონსორციუმი ამის თავიდან აცილებას ცდილობს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად.

არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG