გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ აამოქმედეს სადისპუტო მექანიზმი, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ თეირანმა შეასუსტა შეთანხმების პირობების დაცვა.
ევროპის სამმა სახელმწიფომ, - რომლებიც შეთანხმების ხელმომწერები არიან ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-თან ერთად, - და ევროპის კავშირმა განაცხადეს, რომ დისპუტის მექანიზმის ამოქმედებით, რამაც შესაძლოა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციებამდე მიიყვანოს საქმე, ისინი არ უერთდებიან ირანის მიმართ ვაშინგტონის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას.
ირანმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა 2015 წლის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობისკენ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში გამოაცხადა, რომ ამერიკა ცალმხრივი წესით ტოვებს შეთანხმებას. ამის შემდეგ აშშ-მა თეირანს მკაცრი სანქციები დაუწესა.