Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიაში ტარდება ჩხრეკა და დაპატიმრებები ჩეჩნური წარმომავლობის ისლამისტებს შორის


გერმანიის ოთხ ფედერალურ მხარეში პოლიცია ატარებს დაპატიმრებებსა და ჩხრეკას შესაძლო მსხვილი ტერაქტისთვის მზადებასთან დაკავშირებული ეჭვის გამო. გერმანიის გენერალური პროკურატურის ცნობაში ნათქვამია, რომ რეიდები შეეხო „ჩეჩნური წარმომავლობის ეჭვმიტანილებს ისლამისტური წრეებიდან“.

როგორც იტყობინებიან, ოპერაციაში მონაწილეობდა პოლიციის 180-მდე თანამშრომელი. ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე მისამართზე ბერლინში, ბრანდენბურგსა და ტიურინგიაში - აღმოსავლეთ გერმანიაში. ასევე ქვეყნის დასავლეთში მდებარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.

ეჭვმიტანილთა რიცხვს არ ასახელებენ. პროკურატურის თანახმად, ლაპარაკია 23-დან 28 წლის მამაკაცებზე. Deutsche Welle იტყობინება, რომ ბერლინში ორი ადამიანი დააკავეს. Bild-ის ცნობით, კიდევ ერთი დააკავეს ბრანდენბურგში.

უკანასკნელ წლებში გერმანიაში რადიკალმა ისლამისტებმა რამდენიმე ტერაქტი განახორციელეს. მათგან უმსხვილესი იყო 2016 წელს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების თანახმად, მოხერხდა კიდევ 9 ტერაქტის თავიდან აცილება.

როგორც Deutsche Welle წერს, პოლიცია ჩეჩნური წარმომავლობის ისლამისტთა ქსელს უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევს, ვინაიდან მათგან ბევრს აქვს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მოხმარების გამოცდილება. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, ჩეჩნური წარმომავლობის დაჯგუფებებმა გერმანიაში უკანასკნელ ხანებში მნიშვნელოვანი პოზიციები მოიპოვეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის. პოლიციის ინფორმაციით, ისინი აკონტროლებენ დანაშაულებრივი საქმიანობის ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა და გამოძალვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG