Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა:"ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს


ღამის კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია კვალიფიკაციის შეცვლა.

ბიძინა ჩაჩხიანს 13 იანვარს ბრალი წარედგინა მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბიძინა ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ჩაჩხიანისთვის 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი წარსულში ნასამართლევია. პატიმრობიდან ამნისტიით იგი 2012 წელს გათავისუფლდა.

14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანისთვის ბრალის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას „ევროპულმა საქართველომ“ მოუწოდა. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს ღამის კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის საქმის გამოძიება გაგრძელდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აღნიშნავს, როცა გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულისადმი შემწყნარებლურია, იზრდება მსგავსი დანაშაულის ჩადენის რისკი და საზოგადოება დაუცველია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG