Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი შსს-ს: თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ?!


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული ის განცხადება, რომელიც შსს-ს თანახმად, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა 20-21 ივნისის ღამეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ: მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია. ქუცნაშვილი ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო წევრია. გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, მე დავავალე რა თქმა უნდა და ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რადგან 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ ხუთი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული. რა ვიცი ახლა, ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გავრცელებულ მიმართვაში.

13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის:

„ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, - აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა“, - განმარტეს შსს-ში.

უწყების თანახმად, განცხადებასთან დაკავშირდებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG