Accessibility links

logo-print logo-print

სასამართლომ „ანას ბაღის“ მიმდებარედ დაპირისპირებისას დაკავებულთაგან 4-ს ჯარიმა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ჯარიმა დააკისრა, ერთს ბრალდება სრულად მოუხსნა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 იანვარს, 6 პირის საქმე განიხილებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დაჯარიმებული 4 პირიდან ერთი „ანას ბაღის“ დამცველია, ხოლო დანარჩენები - სამშენებლო კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები. მათ მოსამართლემ 700-700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 900 ლარით დაჯარიმდა აქციის მონაწილე გიორგი ფხალაძე. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

10 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა. მათ ბრალი წარედგინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამშენებლო ტექნიკის გამოჩენას 9 იანვარს ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაღის მიმდებარედ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა მოსახლეობამ დღეს, 15 ნოემბერსაც გააპროტესტა. ამ დროისათვის ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა, მოსახლეობა ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

მოსახლეობის პროტესტი „ანას ბაღის“ გადასარჩენად სამი წელია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG