Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პუტინს - ძალაუფლების ტრანზიტი რუსეთში


რუსეთის ფედერაცია მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება. ვლადიმირ პუტინი აპირებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს გაუნაწილოს.

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად იქმნება 75-კაციანი ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იქნება ფედერაციული საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი კლიშასი. იურისტებისა და საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტების გარდა, კომისიის შემადგენლობაში ასევე შევლენ რეჟისორები, ექიმები, მწერლები და სპორტსმენები: ცნობილი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ჭოკით მხტომელი ელენა ისიმბაევა, რეჟისორი ვლადიმირ მაშკოვი, მწერალი ზახარ პრილეპინი, ფიგურისტი ირინა როდნინა, ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი, სახელმწიფო სათათბიროს წევრები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ინიციატივა, რომლითაც ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კრებას მიმართა, რადიკალურად შეცვლის სახელმწიფო მმართველობის სისტემას რუსეთში. 15 იანვარს ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, კონსტიტუციით განისაზღვროს სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, სახელმწიფო სათათბიროს კი მიენიჭოს უფლება დაამტკიცოს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, არამედ მინისტრებიც. გარდა ამისა, კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტად არ შეიძლება ერთი პირის არჩევა ზედიზედ ორზე მეტი ვადით. პუტინის რედაქციით, კონსტიტუციიდან ამოვარდება სიტყვა „ზედიზედ“. თუ რა თქმა უნდა, ხალხი არ იქნება წინააღმდეგო, შენიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო შესწორებები უნდა იქნა გატანილი „სახალხო კენჭისყრაზე“, თუმცა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პანფილოვა ვარაუდობს, რომ საქმე რეფერენდუმის გამართვამდე არ მივა და გამოიძებნება ცვლილებების მიღების რაიმე სხვა ფორმა.

რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია პუტინის მიერ შეთავაზებული ცვლილებები?

რუსი პოლიტოლოგის, ეკატერინა შულმანის თქმით, დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერანაირად ვერ დაარქმევ რადიკალურს, რადგანაც ისინი არსებითად არ ცვლიან პოლიტიკური სისტემის კომპოზიციას.

ეკონომისტი ანდრეი ნეჩაევი კი ვარაუდობს, რომ კრემლში განიხილავენ პუტინისათვის ძალაუფლების შენარჩუნების განსხვავებულ გზებს, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს მოკავშირე სახელმწიფოს ვარიანტიც, ახალი საკონსტიტუციო ორგანოს შექმნაც და უფლებამოსილების გადანაწილებაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ამ თვალსაზრისით პუტინის მიმართვა ერთგვარი ტესტია იმის გასარკვევად, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას. ამასთან არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ პუტინის მიერ შეთავაზებული ახალი სისტემა გაძლიერებული სათათბიროთი, ფედერაციის საბჭოთი და სახელმწიფო საბჭოს ახალი სტატუსით დიდხანს შენარჩუნდება.

„სავარაუდოდ, ეს მხოლოდ ტრანზიტისთვის საჭირო დროებითი ვარიანტია. სისტემა, რომელშიც პრეზიდენტიც არის და მისი უფლებამოსილების შემზღუდავი ინსტიტუტებიც, ვერ იმუშავებს ხისტი პერსონიფიცირებული რეჟიმის გარეშე. ერთგვარი გამაერთიანებელი მედიატორის გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებებს, ამიტომაც ამგვარი მოდელი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს, რათა პუტინი წავიდეს წასვლის გარეშე. ცხადია, ხელისუფლება იბრძოლებს თავის გადარჩენისთვის და შესაბამისად 2021 წელი იქნება ძალიან მძიმე საზოგადოებისთვის“, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე კინევი.

რატომ გადადგა დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან?

რუსი პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ მედვედევის ამ ნაბიჯს საკონსტიტუციო რეფორმასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. სისტემის გარდაქმნა არ ითვალისწინებს პერსონალურ ცვლილებებს, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას სჩვევია მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვისას საზოგადოების ყურადღების გადატანა მეორეხარისხოვან საკითხზე.

დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინის პაკეტში არის რამდენიმე პოპულისტური შესწორებაც: ქვეყნის ძირითად კანონში ჩაიწერება, რომ მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები და, რომ უნდა ხდებოდეს პენსიების ინდექსაცია, თუმცა ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს ძალაუფლების ტრანზიტში, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ვლადიმირ პუტინიდან გადაეცემა კვლავ ვლადიმირ პუტინს.

რას ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე კონსტიტუციის ნაჩქარევი ცვლილება? ეს არის გადატრიალება სახელმწიფოში თუ სახელმწიფო გადატრიალება? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა პოლიტიკოსსა და ისტორიკოს ვლადიმირ რიჟკოვს.

„ეს არ არის გადატრიალება. ეს არის წინასწარი სამზადისი 2024 წლის არჩევნებისათვის და უკავშირდება ან ვლადიმირ პუტინის წასვლას ან ხელისუფლებაში დარჩენას რაღაც ფორმით, თუმცა ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება სამომავალოდ ხელისუფლების გადაცემას ან ხელისუფლებაში სამომავლო ცვლილებებს. ეს არ არის გადატრიალება - ეს არის ცვლილება, რომელსაც არ აქვს კარდინალური, ფუნდამენტური ხასიათი“, - ამბობს ვლადიმირ რიჟკოვი.

თუმცა იურისტი ელენე ლუკიანოვა მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინის ინიციატივა შესაძლოა სერიოზულ საფრთხეებს უქმნიდეს რუსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას:

„რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაფორმდება ეს ცვლილებები საბოლოოდ, როგორი სახით მივიღებთ მათ. ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, როგორ შეცვლიან სტრატეგია-2024-ს“.

რაც შეეხება დმიტრი მედვედევს, გადამდგარ პრემიერ-მინისტრს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ის დაიკავებს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის ანუ პუტინის მოადგილის პოსტს. გამოდის მედვედევი იქნება პრეზიდენტის მოადგილე, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სხვა მოადგილე პუტინს არც ჰყავს, სულაც არ არის უმნიშვნელო თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG