Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია შოთაძეზე: ცოტაა ადამიანი, ვისაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა ცეკვების გარეშე


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, „ყველანაირი ცეკვების გარეშე“. აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კომენტარისას განაცხადა:

„კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლის, შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში,17 იანვრის შუადღის მონაცემებით, 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG