Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუ შოთაძის წარდგენაზე: რატომ უნდა განგვეხილა რეპუტაციის საქმე?!


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმე, რის გამოც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადა, მისი გენერალური პროკურორის კანდიდატად წარდგენისას „განხილვის თემაც არ ყოფილა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დარეჯან მეფარიშვილი.

„ვერც ერთი ჟურნალისტი და ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს თუნდაც ერთ დოკუმენტს, სადაც დასტურდება, რომ, ირაკლი შოთაძეს კონკრეტულ რომელიმე საქმეში, არა მხოლოდ მაგ საქმეში [ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე] ჰქონდა გადაცდომა. ამიტომ ჩვენ რატომ გვიზღუდავს ვინმე უფლებას, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დავაყენოთ, მით უმეტეს, აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული ასოცირებული პროფესორია და ჩვენთან კითხულობს ლექციებს“,- ამბობს დარეჯან მეფარიშვილი.

კითხვაზე ფიქრობდა თუ არა აკადემიური საბჭო ირაკლი შოთაძის დასახელებისას რეპუტაციის საკითხზე, დარეჯან მეფარიშვილმა განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა არა“.

„რატომ უნდა განგვეხილა რეპუტაციის საქმე, ჩვენ რა დამნაშავე წარვადგინეთ? ჩვენ რატომ გვანიჭებთ ამ უფლებას რომ დავადგინოთ რაღაც ნაწილში რაღაც დანაშაულის ხაზი, თქვენ სვამთ კითხებს, რომელსაც დაზარალებულიც არ სვამს და მეც ვერ დავსვამ, იმიტომ რომ იურიდიული დოკუმენტი არ არსებობს [შოთაძის რაიმე სახის გადაცდომაზე], იურიდიული დოკუმენტი და კანონი ჩვენზე მაღალია, ჩვენს მოსაზრებებზე“,- განაცხადა დარეჯან მეფარიშვილმა.

მისი სიტყებით გადაწყეტილება აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელშიც განმარტებულია, როგორ და რატომ წარადგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის ვაკანსიის დასაკავებლად საპროკურორო საბჭოში, ნათქვამია, რომ ირაკლი შოთაძე სრულად აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს:

„კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კანდიდატის წარდგენას წინ უძღვოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კანონით განსაზღვრული კონსულტაციების პროცესი.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2018 წლის 31 მაისს მას შემდეგ გააკეთა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას 16 იანვარს „ფეისბუკის“ პოსტით გამოეხმაურა, მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება.

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

16 იანვის მონაცემებით საპროკუროსო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამებობაზე 9 კანდიდატია წარდგენილი. საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG